დათო

მამაჩემს არც თუ ისე ორიგინალური სახელი ჰქვია. ყველას გვყავს ნაცნობი, მეგობარი, ახლობელი ან ოჯახის წევრი დათო, თუმცაღა, პირადად ჩემთვის, სხვა ყველა დათო რაღაც პირობითია, მამაჩემი კი ყველაზე კონკრეტული და საყვარელი. ხოდა დღეს დათოს დაბადების დღეა და , მიუხედავად იმისა, რომ არ მახუტებინებს თავს და ზოგჯერ მწყობრიდან გამოგვყავს ერთმანეთი, ჩემთვის მაინც საუკეთესო კაცია დედამიწაზე და იმის გარეთაც.
ძალიან რთული აღსაწერია, როგორი ადამიანია მამაჩემი და როგორ ვუყვარვართ მას ჩვენ. ყველაზე მეტად ეს ,ალბათ, წვრილმანებში ჩანს. მაგალითად, დათომ იცის რომელი დონატი მიყვარს ყველაზე მეტად, რომელ შავ შოკოლადს ვჭამ, როგორი მწერლებს ვკითხულობ, თამბლერზე რომ ბლოგი მაქვს და  იმასაც ითმენს, ამხელა ძონძროხა რომ გავრბივარ მისკენ და ზურგზე ავახტები.
ძალიან ბევრი რამისთვის მადლობა მეთქმის დათოსთვის, მაგრამ არასდროს ვამბობ, იმიტომ, რომ ზოგადად, სიყვარულის გამოხატვა მიჭირს. მიუხედავად ყველაფრისა, ყველაზე მადლიერ, უსაზღვროდ ძალიან მადლიერი ვარ, რომ დათო არასდროს მიყურებდა ,არც მე და არც ჩემს დას, როგორც სულელ ბავშვებს, პატარებს, რომელთა აზრი არ არის საკმარისად მნიშვნელოვანი ან საყურადღებო, პირიქით, ღრმა ყრმობიდან სრული სერიოზულობით მელაპარაკებოდა საკმაოდ დიდურ თემებზე და ძალიან უხაროდა ( ახლაც უხარია) , როდესაც კამათისას, ჩემი არგუმენტი უფრო სწორი აღმოჩნდება. ( თუმცა , ამას ღიად არასდროს აღიარებს, ეცინება  მამობრივად ხოლმე და აი, მანდ ტყდება.) .
მართლა ვერ წარმომიდგენია დათოს გარეშე ცხოვრება. ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა დავურეკო გაბრაზებულ დედაჩემს იმის გარეშე, რომ მას ჯერ დათო დაურეკავს და დააწყნარებს. ან კიდევ , ვერ წარმომიდგენია, რომ მაღაზიიდან ნაბეღლავს არ ამოვუტან ან კიდევ დილით არ გამაღვიძებს თავისი მაღვიძარის ყოვლად ამაზრზენი და გულისამრევი ხმით. (ღმერთო, როგორ მეზიზღება ეგ მაღვიძარა.) ან ვერ წარმომიდგენია, რომ ჩემს შავ მუქ პომადებზე არავინ იტვყის ბაევოი რასცვეტკააო. ან კვერცხს აღარ შემიწვავს. ან ათასი რამ, რასაც , რეალურად, მეც უნდა ვაკეთებდე, მაგრამ დათო მიკეთებს.
დათოს ძალიან უყვარს ჩემი მეგობრები, მეტიც, ჩემს მეგობრებთან ერთად, ეროვნულებზე მელოდებოდა ხოლმე. იქ იდგა სიცხეში და რომ გამოვდიოდი, უკითხავად მიყვავდი რამე გემრიელის საჭმელად.
მოკლედ, დღეს ამ კოსმიური მასშტაბის კაცის დაბადების დღეა და ვუსურვებ, რომ არასდროს, არავითარ შემთხვევაში არ შეიცვალოს , იმიტომ, რომ ჩემთვის ,სუბიექტურად, მაგრამ მაინც, სრულყოფილი და საუკეთესოა.
ლუბლუ ცილუიუ ❤

10300679_444784622368530_6070004054669105536_n

2 thoughts on “დათო

დატოვე კომენტარი