დათო

მამაჩემს არც თუ ისე ორიგინალური სახელი ჰქვია. ყველას გვყავს ნაცნობი, მეგობარი, ახლობელი ან ოჯახის წევრი დათო, თუმცაღა, პირადად ჩემთვის, სხვა ყველა დათო რაღაც პირობითია, მამაჩემი კი ყველაზე კონკრეტული და საყვარელი. ხოდა დღეს დათოს დაბადების დღეა და , მიუხედავად იმისა, რომ არ მახუტებინებს თავს და ზოგჯერ მწყობრიდან გამოგვყავს ერთმანეთი, ჩემთვის მაინც საუკეთესო კაცია დედამიწაზე და იმის გარეთაც. Continue reading

ცოტა რამ ცხოვრებისეულ არჩევნებზე

არჩევანის გაკეთება არ ვიცი. არ ვიცი ბავშვობიდან. პატარობიდან ისეთ სივრცეში ვიზრდებოდი, სადაც ჩემს  თვალსაწიერში მხოლოდ საუკეთესო ხვდებოდა. მიუხედავად 90-იანების წნეხისა მე მყავდა საუკეთესო ექიმი,მქონდა საუკეთესო სათამაშოები და საუკეთესო ტკბილეულობა. შედეგად, მე არ ვიცი , რას ნიშნავს სიღარიბე, რას ნიშნავს იაფი ან ძვირი, რას ნიშნავს შიმშილი და სიცივე. და სანამ არ მივაღწევდი გარკვეულ ასაკს, არ ვიცოდი რა იყო მორალური დილემა.

დროთა განმავლობაში და პუბერტატის დაწყებასთან ერთად, მალევე დავიწყე წონის სწრაფად მომატება, რამაც გამოიწვია გარკვეული ასოციალური მიდრეკილებები. სკოლაში ძალიან კომუნიკაბელური ბავშვი ვიყავი, თუმცაღა ჩემი სოციალიზაცია მთავრდებოდა მანდვე. გარეთ თითქმის არასდროს გავდიოდი სათამაშოდ. მე , ჩემი კომპიუტერი და ჩემი ოთახი. არჩევანის გაკეთების სწავლის საშუალება აქაც გაშვებული იყო.

ის, რომ სამყარო აბსოლუტურად სხვა წესებით არსებობდა აბიტურიენტობისას მივხვდი, როდესაც გავაცნობიერე, რომ ყველაფერს ჩემი მშობლები ვერ მომიტანდნენ. ცხადია, მათვე დამიქირავეს საუკეთესო რეპეტიტორები, მიყიდეს სასწავლო ატრიბუტიკა და ჯიბის ფულითაც მანებივრებდნენ, თუმცაღა იმისთვის, რომ მე გამოცდები დამეძლია, უფრო მეტი იყო საჭირო, ვიდრე დედაჩემი და ეს უფრო მეტი იყო შრომა.

გასაკვირი არ არის, რომ უნივერსიტეტის და ფაკულტეტის არჩევა ჩემთვის ძალიან რთული იყო და ეს არჩევანიც მარტო არ გამიკეთებია. ცხრილის შევსება “დეეე-თი” დავიწყე. არასდროს მქონია ოცნებები ჩემს სამომავლო პროფესიაზე ან კარიერაზე. არასდროს მიფიქრია “აუ, მე რომ ექიმი გამოვალ…”, ამიტომ ეროვნული გამოცდები ჩემთვის რაღაც სურეალური უფრო იყო, ვიდრე ცხოვრებისეული არჩევანი.

ასეა თუ ისე, მოვხვდი თსუ-ში და პირველი კურსიდან მომიწია იმის გაკეთება, რისი არსებობის შესახებ ჩემს ცხოვრებაში, არ ვიცოდი. ეს იყო დამარცხების აღიარება. ფიასკოს ტკივილს აძლიერებდა ისიც, რომ პირველად ცხოვრებაში ვერავის დავაბრალებდი, არჩევანის სიმძიმე სრულიად ჩემს მხრებზე იყო.

პირველი კურსიდან მოყოლებული ვსწავლობ ცხოვრებას. ვირჩევ მეგობრებს, საყვარლებს, წიგნებს, ტანსაცმელს , ვიზუალს და ა.შ. ვირჩევ და მეტწილად ვცდები. ვცდები და მერყევა საკუთარი პიროვნულობის ღირებულების შეგრძნება, თუმცაღა მემატება გამოცდილება, მიღრმავდება გონი და ვიზრდები.

არ ვიცი, როდის ვისწავლი არჩევანთან შეგუებას, როდის მოვრჩები იმაზე ფიქრს, აი, იმ დღეს სხვანაირად რომ მოვქცეულიყავი რა მოხდებოდა და ეს ძალიან მაშინებს. იმიტომ, რომ ნელ-ნელა ვხვდები, რომ მშობლებს ყველაფერს ვერ ეტყვი და შესაბამისად, ყველაფერში ვერ დაგეხმარებიან. იმიტომ, რომ პასუხისმგებლობაა დიდი და ,რაც მთავარია, იმიტომ რომ ამ არჩევნებით ვაყალიბებ საკუთარ თავს.tumblr_nt1in8IQGP1tkwhs9o2_r1_540

მირანდა

თვითონ13022235_548792508634407_1640655975_n კი არ აღიარებს, მაგრამ მაინც.
დიდი ხნის წინ, რეპრესიებში მოვხვდი. მშობლიური კერიდან კი მომწყვიტეს, თუმცაღა ,საბედნიეროდ, არქიპელაგისკენ არ გავუგზავნივარ არავის, არამედ ნაპირისკენ გადამისროლეს. ბათუმს მაშინ , ფაქტობრივად, არც ვიცნობდი, მხოლოდ რამდენიმე ქუჩა  მახსოვდა ღრმა ყრმობიდან. რამდენიმე ქუჩა და სოიოს ნაყინი ( რომლის გემოც არასდროს მომწონდა, მაგრამ წლების განმავლობაში ვჭამდი. ეგ ცალკე ფენომენია. ბათუმის სოის ნაყინი.)
მაშ მოვწყდი თუ არა ტიფლისს და ამოვყე თუ არა თავი პორტო ფრანკოში თავი სასკოლო ინვენტარის საყიდლად გავეშურეთ.
იმ დროს, ლენინის ქუჩაზე ვცხოვრობდი.იქვე იყო “ბატას” მაღაზია. ( ძაან ცვეტში იყო მაშინ, კაცმა არ იცის რატომ.) ხოდა, სწორედ ამ მაღაზიაში მოხდა ჩემი პირველი , თუმცაღა არასაბედისწერო შეხვედრა მირანდასთან. დედამისი ჩიოდა, ეს როგორი პრეტენზიული  ბავშვიაო,  რაკიღა ყოველ შემოთავაზებულ ფეხსაცმელზე მირანდა ბავშვურ, მაგრამ მეტად მკაცრს და პრინციპულ უარს აცხადებდა. ( მირანდას ისტორიაში ყველაფერი საწინააღმდეგოდ ხდება )
მე და მირანდა კლასელები ვართ. აი, პროსტა კლასელები კი არა, კლა-სე-ლე-ბი. დიდი ასოთი, გამოთქმით. იყო დრო, როცა აკადემიური მოსწრების პარადი მე და მირანდას მიგვყავდა და ჩვენი მშობლებიც კისერაწეულები ბრუნდებოდნენ მშობელთა კრებებიდან. ( სიტყვა “კრებაზე” ახლაც მაჟრიალებს.)
სკოლის ჟამს მირანდას ხან ვუახლოვდებოდი, ხან ვშორდებოდი. ხან ვჩხუბობდით, ხან მირანდასნაირი ტელეფონი მიყიდეს მშობლებმა. ჩვენი გარდაუვალი და აი, ახლა უკვე საბედისწერო, დამეგობრება აბიტურიენტობისას მოხდა. იქიდან მოყოლებული ერთად ვართ. გამოცდებზეც , უნივერსიტეტშიც და ტკბილეულებსაც ერთად ვჭამთ ქალაქის ძველ ქუჩებში.
მირანდა მიყვარს.ძალიან.უფრო მეტი რამ მაკავშირებს მირანდასთან ვიდრე სიყვარული, მაგრამ ამას ვერ აღვწერ, ამას მაშინ ვგრძნობ, როდესაც მირანდა რეინჯერების სტიკერებს მიგზავნის ჩატში ან unicorn-ები ემოჯიებს. მაშინ, როცა ვტირი და მაწყნარებს, მაშინ, როცა სურათებს მიღებს ( მირანდას ეს უკანასკნელი არაჩვეულებრივად გამოსდის, რადგად მას აქვს ძალიან იშვიათი ნიჭი დაინახოს სილამაზე. დაინახოს, აღიქვას , დაგვანახოს და აღგვაქვევინოს.)
ამ ბლოგზეც დავთაგავ და ,იმედია, არ მიწყენს.
ეს ბლოგიც იმიტომ დავწერე, რომ მიყვარს.
იმიტომ , რომ ახლა უხასიათოდაა.
იმიტომ, რომ გაუხარდება.
იმიტომ, მინდა , ახლოს ვიყო.
იმიტომ, რომ ძალიან ძვირფასია.
იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის.
იმიტომ, რომ ულამაზესი ღიმილი აქვს.
იმიტომ, რომ გამიმართლა.
იმიტომ , რომ გმადლობ, მირანდა ❤

 

რიგითი “სტალკერის” გრძნობათა ნუსხა

ოდესმე გიფიქრიათ , რომ თვალს გადევნებენ? თქვენს ყოველ ნაბიჯს, ქცევას, სიტყვას, ვიღაც უყურებს. ზურგსუკან სუნთქავს. იცის თქვენი პოლიტ. ხედვები, თქვენი მსოფმხედველობა, გემოვნება და გარეგნობა. იცის ვისთან მეგობრობთ, სად სწავლობთ ან მუშაობთ,სად დაისვენეთ ამ ზაფხულს ანდა ვისთან გაკავშირებთ რომანტიკული ლტოლვები.  შემაძრწუნებლად ჟღერს, არა? არადა ყოველდღე მე ნებისმიერი ზემოხსენებულის გაგება შემიძლია, თანაც უპრობლემოდ, უბრალოდ თქვენს “კედელზე” გადმოვალ ან ინსტაგრამს “დავარეფრეშებ”. მაშ , რას ვგრძნობ მე , როგორც თქვენით დაინტერესებული მავანი.
მდაააჰ, მინდათ გითხრათ, რომ მეტად რთულია “სტალკერობა”. რთულია არა იმიტომ, რომ ინფორმაციის წყარო არ არსებობს ანდა ეს ინფორმაცია მიუწვდომელია, არა, სულაც არა. რთულია იმიტომ, რომ რთულად ასატანია სხვისი იდეალური ყოფა.
ასობით ფილტრები არსებობს იმისთვის, რომ ჩვენი ნაცრისფერი არსებობა შევაფერადოთ. ჩამოვჭრათ არასასურველი ხალხი კადრიდან ( სამწუხაროა, რომ ეს ფუნქცია ცხოვრებაში არ დანერგა ზემომდგომმა, ალბათ, 7 დღის განმავლობაში უფრო მეტი საზრუნავი ჰქონდა. ) ან ,თუნდაც, შევიცვალოთ თვალის ფერი. ერთი სიტყვით ვიზუალი და გარემო დავამსგავსოთ ჩვენს პერვერსირებულ იდეალებს. ხოდა მეც, როდესაც ვუყურებ , რომ მაკუნას ყველაფერი მშვენივრად აქვს, ისვენებს ბაკურიანში გიორგისთან ერთად და ცაც უამრავი ვარსკვლავითაა მოჭედილი, შემდეგ ვუყურებ ჩემს ოთახს (რომლიდანაც, ჩემი ერთი კარგი და ძველი მეგობრის რჩევით, საერთოდ არ უნდა გამოვდიოდე) , ჩემს ლეპტოპს და მანდარინის ქერს იატაკზე, ბუნებრივია, ჩემს სპეტაკ გულში ისადგურებს ბოღმა. მეორე დღეს კი გავდივარ სოლოლაკში და ყველაზე ლამაზ შენობების ყველაზე ლამაზ სურათებს ყველაზე ლამაზ ფილტრებს ვადებ. აეგრე! მეც მაქვს შეთხზილი ბედნიერება, რომლისაც, დიდი იმედი მაქვს, ჩემს პირად “სტალკერს” მეტად შურს.

11760103_455626361284356_7062472502383984963_n

უმუშევრობის ასი წელიწადი

როგორც “ძლიერი საშუალო კლასის” წარმომადგენელი, ყოველთვის… ეგ კი არა, გაჭრილად სჯობია. ვობშემ, ოჯახი ყოველთვის მაბლატავებდა, ყველაფრით რითიც შეეძლოთ. არასდროს მაკლდა არც საჭმელი, არც ტკბილეული, არც გასართობი და ა.შ. კაი პონტში ვიყავი ძააან. აქამდე. გასტუდენტებამდე.
განა რა, არაფერი მომხდარა, ისევ მაბლატავებენ, ისევ შოკოლადში ვარ, უბრალოდ, დავინახე, რომ ჩემი თანაკურსელები უკვე მუშაობდნენ. სიარულში თავდაჯერებულობა ემატებოდათ. მე ვიბოღმებოდი ჩუმად. მეტიც, ზოგიერთი მათგანი უკვე მომავალ პროფესიას უდგამდა ფეხს. ხოდა მე კიდევ, ჰმ, როგორც პოპულარულ ფრაზაშია and i am sitting here .. :ჩახველება:
ერთი წელიწადი მაინც უძრაობაში გავატარე. რას ელოდებოდი, ვის ველოდებოდი ზემომდგომმა უწყის.
366 დღეს ავსწიე თავი და ვსთქუი, რომ უკვე დადგა ჟამი განშორებისა. ავდექი, გავშალე ჩემი ლეპტოპი და პირველად ცხოვრებაში საძიებო ველში ჩავწერე სიტყვა “ვაკანსიები”. რაღაც გარდამტეხი მომენტი იყო მეტად. კაცმა რომ თქვას, ავინთე. მთელი დღე ძიებაში გავატარე. ცხადია, ვერაფერი ვნახე. დღის ბოლოსკენ მსოფლიო სევდა სახეზე მქონდა აღბეჭდილი, მაგრამ მაინც ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს რაღაც გავაკეთე, მოქალაქეობრივი ვალი მოვიხადე.
მთელი ღამე არ მეძინა. ვწრიალებდი, ვხვნეშდი, ვღელავდი. თითქოსდა 19-ის ვარ, მაგრამ, 19 უკვე ბევრია. 30-მდე 11 წელი დამრჩა, 25-მდე -6. აუცილებლად მიმიხვდებოდით.
ზაფხულის ბოლოს შველა მომევლინა და უმუშევარი სტუდენტიდან პრაქტიკანტ სტუდენტად გადავიქეცი.
თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რა ბედნიერი ვიყავი დილით 10-ზე დიდუბის გადატენილ  სადგურზე. ბოლომდე მივეცი კაპიტალიზმს შანსი ვეშთანთქე. თვემ და კიდო ნახევარმა ერთი წუთივით ჩაიფრინა. მელანშიც გავისვარე ხელი, ბუკვალურ-მეტაფორულად.
დადგა სექტემბრის შვა. ახლა დილის 9-ზე საწერად კი არა, ალმა მატერში მივდივარ, პათოსში, ტრაგიზმში და გროტესკში. რაღა ვქნა , სადღა წავიდე? მეტად რთულია იყო უმუშევარი.
ცხადია, ისევ ისე მისწორდება მშობლების კისერზე ჯდომა და ფეხების ხალისიანად ქანაობა, მაგრამ რაცხადა მაინც მაკლია. სევდა ჩამიდგა თვალებში. ამ უკანასკნლეთა დაბლა კი სიშავე. ვიზრდები. არიქა.11999961_475497632630562_1339058760_n

არაუშავს, მესმის

მაშ, პირველი ჩემი ნაბიჯი საშუალოსტატისტიკურ ბლოგერობაში მინი რეზუიმეთი დავიწყოთ. 

კაცმა რომ თქვას, სტიტყვაშეთანხმება რომ ვიყო, აუცილებლად “არაუშავს, მესმის” ვიქნებოდი.,

მეტად კომფორტული მავანი ვარ, რაც არ უნდა მითხრა, მესმის. ვითომდა დიდი მეამბოხეს ვუალის ქვეშ, საკმაოდ მორჩილი ახალგაზრდა იმალება. 

“ჰმ, იცი, კი მინდა შენი ნახვა და , მაგრამ სხვას საქმე გამომიჩნდა და… ”  

“არაუშავს, მესმის ”  

“ვიცი , გიჭირს, მაგრამ ახლა ვერ ვისაუბრებთ, სტუმრები მყავს” 

“არაუშავს , მესმის.”  

“კი ძალიან მინდიხარ, მაგრამ დაკერვა მეზარება.”  

“არაუშავს, მესმის.” 

ოჰ, არა, არ მინდა იფიქროთ, რომ ეს მთრგუნავს, მკლავს ან მატირებს, არა. მეცინება. 

საერთოდ, ვგონებ თვითაღქმის პრობლემაც მაქვს. ჩემს ა’რსებობას სერიოზულად ვერ აღვიქვამ, მგონია, რაღაც დადგმაა, მინიატურა.  

არადა, რამდენჯერ მომდომებია “არაუშავს , მესმის-ს” შემდეგ მაგიდა ამეყირავებინა, მეკივლა წამიერად, ფრანგულად შემეგინებინა და ა.შ. მაგრამ არა , ვდგავარ, მესმის, მაგრამ ვერ ვგებულობ. ტრაგიზმი ვარ თხემიდან ტერფამდე. 

კომედია ერთ გმირად. 

თვითონ ნახატამდე შესრულებული ჩანახატი. 

ხომ გესმით? აჰ, ნუ რა გაეწყობა, არაუშავს.