რიგითი “სტალკერის” გრძნობათა ნუსხა

ოდესმე გიფიქრიათ , რომ თვალს გადევნებენ? თქვენს ყოველ ნაბიჯს, ქცევას, სიტყვას, ვიღაც უყურებს. ზურგსუკან სუნთქავს. იცის თქვენი პოლიტ. ხედვები, თქვენი მსოფმხედველობა, გემოვნება და გარეგნობა. იცის ვისთან მეგობრობთ, სად სწავლობთ ან მუშაობთ,სად დაისვენეთ ამ ზაფხულს ანდა ვისთან გაკავშირებთ რომანტიკული ლტოლვები.  შემაძრწუნებლად ჟღერს, არა? არადა ყოველდღე მე ნებისმიერი ზემოხსენებულის გაგება შემიძლია, თანაც უპრობლემოდ, უბრალოდ თქვენს “კედელზე” გადმოვალ ან ინსტაგრამს “დავარეფრეშებ”. მაშ , რას ვგრძნობ მე , როგორც თქვენით დაინტერესებული მავანი.
მდაააჰ, მინდათ გითხრათ, რომ მეტად რთულია “სტალკერობა”. რთულია არა იმიტომ, რომ ინფორმაციის წყარო არ არსებობს ანდა ეს ინფორმაცია მიუწვდომელია, არა, სულაც არა. რთულია იმიტომ, რომ რთულად ასატანია სხვისი იდეალური ყოფა.
ასობით ფილტრები არსებობს იმისთვის, რომ ჩვენი ნაცრისფერი არსებობა შევაფერადოთ. ჩამოვჭრათ არასასურველი ხალხი კადრიდან ( სამწუხაროა, რომ ეს ფუნქცია ცხოვრებაში არ დანერგა ზემომდგომმა, ალბათ, 7 დღის განმავლობაში უფრო მეტი საზრუნავი ჰქონდა. ) ან ,თუნდაც, შევიცვალოთ თვალის ფერი. ერთი სიტყვით ვიზუალი და გარემო დავამსგავსოთ ჩვენს პერვერსირებულ იდეალებს. ხოდა მეც, როდესაც ვუყურებ , რომ მაკუნას ყველაფერი მშვენივრად აქვს, ისვენებს ბაკურიანში გიორგისთან ერთად და ცაც უამრავი ვარსკვლავითაა მოჭედილი, შემდეგ ვუყურებ ჩემს ოთახს (რომლიდანაც, ჩემი ერთი კარგი და ძველი მეგობრის რჩევით, საერთოდ არ უნდა გამოვდიოდე) , ჩემს ლეპტოპს და მანდარინის ქერს იატაკზე, ბუნებრივია, ჩემს სპეტაკ გულში ისადგურებს ბოღმა. მეორე დღეს კი გავდივარ სოლოლაკში და ყველაზე ლამაზ შენობების ყველაზე ლამაზ სურათებს ყველაზე ლამაზ ფილტრებს ვადებ. აეგრე! მეც მაქვს შეთხზილი ბედნიერება, რომლისაც, დიდი იმედი მაქვს, ჩემს პირად “სტალკერს” მეტად შურს.

11760103_455626361284356_7062472502383984963_n

2 thoughts on “რიგითი “სტალკერის” გრძნობათა ნუსხა

დატოვე კომენტარი